Friday, October 8, 2010

ნიკოლო მაკიაველი


                   
 ნიკოლო მაკიაველი 




ნიკოლო დი ბერნარდო მაკიაველი (Niccolò di Bernardo dei Machiavelli) (დ. 1469 — გ. 1527) - რენესანსის დროინდელი იტალიელი მოღვაწე. ითვლება პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად. მაკიაველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ფლორენციაში, იმ დროს, როდესაც იტალია დაქუცმაცებული იყო რამდენიმე მეტოქე ქალაქ–სახელმწიფოდ, რომლებსაც ახასიათებდათ არასტაბილურობა და რელიგიური კონფლიქტები. მისი წიგნი „მთავარი,“ (The Prince), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1532 წელს გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ უძველესი ისტორიის შესწავლის ნაყოფს. მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-ერთ დრომოუჭმელ ნორმას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს, როგორც ეს კერძო ურთიერთობს შეეფერება. მაკიაველს სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე, მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი ბატონის, ცეზარე ბორგიას ქმედებების შესაწვლისას შეიძინა.

მაკიაველი თავის „მთავარში“ ქადაგებს, რომ პასუხისმგებელი ლიდერი არ უნდა სარგებლობდეს ქრისტიანული ეთიკის მიხედვით, იმდენად რამდენადაც ასეთ შემთხვევაში მან შეიძლება ყველაფერი დაკარგოს: საკუთრება, თავისუფლება და მისი მოქალაქეების სიცოცხლე. მორალით სარგებლბობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია. მმართველს ამის უფლება არ აქვს, რადგან მას ხალხის ბედი აბარია. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სულ სხვა გზით მიემართება, ვიდრე კერძო მორალი. პოლიტიკაში ფუნდამენტური, უზენაესი ფასეულობა არის უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. პოლიტიკაში ზნეობრივი ნორმები და მორალი ემორჩილება სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის ის, რამაც უნდა მართოს საგარეო პოლიტიკა. მმართველების მთავარი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ ყოველთვის იყოს უპირატესობის ძიებაში, დაიცვას თავისი სახელმწიფოს ინტერესები და უზრუნველყოს მისი გადარჩენა.

მაკიაველის ნაშრომის მთავარი განმასხვავებილი ნიშანი ისიც არის, რომ იგი მმართველს აყენებს ხალხის და ქვეყნის სამსახურში და არა საკუთარი თავის, ან რეჟიმის სამსახურში. ის, რომ მმართველები უნდა იყვნენ როგორც ლომები (ძალა, ძლიერება) ასევე მელიები (ცბიერება) არის მაკიაველის რეალიზმის დედააზრი. მათ ეს ორივე თვისება სჭირდებათ რადგან მათი ხალხის ბედი მათი სიმამაცისა და საზრიანობის ხელშია. ის ფაქტი, რომ ხალხის ბედი მჭიდროდაა დაკავშირებული მმართველის და შესაბამისად სახელწიფოს ბედთან არის მაკიაველის, და საერთოდ, პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოსაზრება.

გარდა "მთავარისა", მაკიაველის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია "ფლორენციის ისტორია" და "მსჯელობა ტიტუს ლივიუსზე"

ლეონარდო ბრუნი


    ლეონარდო  ბრუნი


ლეონარდო ბრუნი (იტალ. Leonardo Bruni; დ. 1369– გ. 9 მარტი, 1444)–იტალიელი ჰუმანისტი და ისტორიკოსი. დაიბადა არეცოში, რის გამოც არეტინო შეარქვეს. XIV საუკუნის 80–იან წლებში ბრუნი ფლორენციაში გადმოსახლდა, სადაც მან შესანიშნავი განათლება მიიღო. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ფრანჩესკო პეტრარკამ, კალუჩო სალუტატიმ და სხვ.

1405–1415 წლებში ბრუნი მდივნად მუშაობდა პაპის კურიაში. 1415 წლიდან იგი კვლავ ფლორენციაში დაბრუნდა, რომელიც არასოდეს დაუტოვებია. იმავე წელს მან ფლორენციის რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 1427 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობა ეკავა.

ლეონარდო ბრუნიმ მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. მან ბერძნულიდან ლათინურ ენაზე თარგმნა პლატონის, არისტოტელეს, პლუტარქეს, ქსენოფონტესა და სხვათა შრომები. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომია „ფლორენციელი ხალხის ისტორია“, რომელიც კომუნის შეკვეთით დაწერა და 1439 წელს დაასრულა. მის კალამსვე ეკუთვნის შრომები:„ ქალაქ ფლორენციის ქება“, „სამხედრო საქმის შესახებ“, „სწორი თარგმანის შესახებ“ და სხვ.

Thursday, October 7, 2010

ტუკიდიდე


          თუკიდიდე

თუკიდიდე (დაახლოებით ძვ. წ. 465/460/455 ―† 400/395), ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. "ისტორიის მამის" - ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვე. სოფისტების მოწაფე და მიმდევარი.

თუკიდიდე დიდად აფასებდა იმ დროის ათენის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სათავეში მდგარ ჰერიკლეს. იბრძოდა პელოპონესის ომში (ძვ. წ. 431-404). სტრატეგოსი იყო და ათენელთა ფლოტს მეთაურობდა თრაკიის სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ (სპარტელებმა მიიტაცეს ამფიპოლისი) ძვ. წ. 424, ათენელებმა იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში - თრაკიაში შეუდგა თხზულების - "ისტორიის" წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების იატორიას. პირველი წიგნი, ე. წ. "არქეოლოგია", როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (გააგრძელა ქსენოფონტმა).

თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, ჰეროდოტე) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა "ამოდ საკითხავი" და "ამოდ სასმენი" ამბების თხრობას, არამედ "ჭეშმარიტების ძიებას". ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას ("წყაროს").

თუკიდიდე პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას. პირველი ისტორიკოს-რაციონალისტია, რომელმაც უარყო ისტორიის მოვლენებში (ბუნების მოვლენებშიც) ღმერთის მონაწილეობის "ფაქტი" (თუმცა ღმერთს არ უარყოფდა). თუკიდიდემ პირველმა დაძებნა ისტორიულ, პოლიტიკურ მოვლენათა ეკონომიური და სოციალური საფუძვლები. იგი საკუთარი თხზულების მნიშვნელობას თავად აფასებდა და მას "მარადიულობის მონაპოვრად" მიიჩნევდა. პოლიტიკური მრწამსით თუკიდიდე დემოკრატიისა და ოლიგარქიის "შერწყმა-შერევის" პოზიციაზე იდგა.

                                              შუმერები

შუმერები ერი რომელმაც შექმნა შუმერული ცივილიზაცია სამხრეთ მესოპოტამიაში. შუმერები არ იყვნენ მესოპოტამიის მკვიდრი მოსახლეები, სავარაუდოდ ისინი მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. V ათასწლეულებში გადმოსახლდნენ. მათი თავდაპირველი სამშობლო უცნობია. შუმერები საუბრობდნენ შუმერულ ენაზე, მეცნიერებმა ჩაატარეს აზიის ყველა ენის ანალიზი, მაგრამ შუმერული ენის მსგავსი ვერ აღმოაჩინეს, დღეს უცნობია ამ ენის მონათესავე ენები. შუმერების თვითდასახელებაა "შავთავიანები". შესაძლოა ეს იმას ნიშნავს რომ შუმერთა თავდაპირველ სამშობლოში არსებობდნენ "თეთრთავიანებიც", ანუ ღია ფერის თმის მქონე ხალხი. შუმერული არქიტექტურიდან და ენის ანალიზიდან გამომდინარე მეცნიერები ვარაუდობენ რომ ისინი მთიანი რეგიონიდან გადმოსახლდნენ, ამავე დროს ისინი კარგი მეზღვაურები იყვნენ, რაც ასევე გვაფიქრებს რომ ისინი ზღვისპირა რეგიონიდან იყვნენ, ამაზე მათი მითოლოგიაც მიუთითებს. ზოგი მოსაზრებით შუმერები ზღვით მოვიდნენ შუამდინარეთში. მეტად სავარაუდოა, რომ შუმერები სამხრეთიდან მოვიდნენ, რადგან შუამდინარეთის სამხრეთში დასახლების შემდეგ მათ ჩრდილოეთით დაიწყეს ექსპანსია.



                                         შუმერული ენა

შუმერული ენა - შუმერების ენა, რომელზეც საუბრობდნენ სამხრეთ მესოპოტამიაში ძვ. წ. IV ათასწლეულში. დაახლოვებით ძვ. წ. XX საუკუნეში შუმერული შეცვალა აკადურმა ენამ და იგი მხოლოდ ქურუმების სარიტუალო და მეცნიერულ ენად დარჩა. საბოლოოდ შუმერული ენა ძველი წელთაღრიცხვის ბოლოს გაქრა. შუმერები წერდნენ სველ თიხაზე. შუმერთა იეროგლიფები წააგავდნენ ლურსმნებს, რის გამოც მეცნიერებმა მათ ლურსმული დამწერლობა უწოდეს.

ისტორია

                          ისტორია

ისტორია – (ბერძნ. historia - თხრობა, მოთხრობა გარდასულ ამბებზე), 1. განვითარების ყოველგვარი პროცესი ბუნებასა და საზოგადოებაში; მაგ., სამყაროს შექმნის ისტორია, ცალკეულ მეცნიერებათა – ფიზიკის, მათემატიკის, სამართლის ისტორია და ა. შ.; 2. მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანთა საზოგადოების წარსულს მთელი მისი კონკრეტული ფორმებითა და მრავალფეროვნებით. საზოგადოების ისტორია პროცესებისა და მოვლენების, ცალკეულ ინდივიდთა, ადამიანთა კოლექტივების, მთელი კაცობრიობის კონკრეტული და მრავალმხრივი მოქმედებისა და საქციელის ერთიანობაა.

ისტორია არის ცოდნის სფერო, რომელიც შედგება მეცნიერების ცალკეული დარგებისაგან, დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინებისაგან. ცალკეულ ნაწილთა სპეციალიზაციის ხარისხი სხვადასხვაა, რის გამოც გამოყოფენ რამდენიმე ჯგუფს. პირველ ჯგუფს შეადგენს ისტორიული მეცნიერების ის დარგები, რომელთა ფარგლებში ისტორიკოსები საზოგადოების ისტორიას შეისწავლიან მთლიანად ან ნაწილების მიხედვით. ისტორიას სწავლობენ ფორმაციებისა და ეპოქების, კომლექსური პრობლემების მიხედვით, სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპით, გარდა ამისა ცალკე შეისწავლიან ადამიანთა ისტორიის სხვადასხვა მხარესა და მოვლენას. პირველ შემთხვევაში მსოფლიო ისტორიაში გამოიყოფა: პირველყოფილი საზოგადოების ისტორია, ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ახალი ისტორია და უახლესი ისტორია.

სივრცობრივ–გეოგრაფიული პრინციპის მიხედვით გამოიყოფა: დიდი, ერთმანეთთან ისტორიულად დაკავშირებული რაიონების რეგიონალური ისტორია და ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების ისტორია. მეორე ჯგუფს ქმნის დამხმარე და სპეციალიზებული ისტორიული დისციპლინები: წყაროთმცოდნეობა, არქეოგრაფია, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, ქრონოლოგია, ისტ. მეტროლოგია, სფრაგისტიკა, გენეალოგია, ჰერალდიკა, ნუმიზმატიკა. დამოუკიდებელ ადგილს იკავებს ორი სპეციალიზებული ისტორიული მეცნიერება არქეოლოგია და ეთნოგრაფია.

ნიკოლოზ ბერძენიშვილი

                        ბიოგრაფია

1906 წელს ბათუმის გიმნაზიაში სწავლის დროს მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობაში მონაწილეობისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს და ბათუმში ცხოვრება აუკრძალეს. მხოლოდ თებერვლის რევოლუციის შემდეგ 1917 წელს, დაასრულა გიმნაზიის კურსი. 1920 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1926 წელს. ი. ჯავახიშვილის შუამდგომლობით დატოვეს საქართველოს ისტორიის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1938 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1939 წელს აირჩიეს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად.

1939-1958 წლებში მუშაობდა ისტორიის განყოფილების გამგედ ჯერ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში. 1948-1965 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი, 1951-1957 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1935-1938), თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1938-1940), თსუ-ში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამდეგ (1946-1956).

ბერძენიშვილის თაოსნობით მოხდა მეცნიერული კვლევის გეგმაზომიერი დიფერენციაცია, მომზადდა ისტორიკოსთა კადრები. მისი თანაავტორობით დაიწერა საქართველოს ისტორიის პირველი მარქსისტული სასკოლო სახელმძღვანელო (1943). 1958 წელს მისივე რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა ნაშრომი "საქართველოს ისტორია". თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ბერძენიშვილმა საქართველოს ისტორიის პრობლემათა მეცნიერულ შესწავლაში. მარქსისტული მოძღვრების შუქზე განიხილა XIII-XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორია; წამოაყენა დებულებები ფეოდალური ხანის (VI-XIX სს.) საქართველოს ისტორიის ძირითადი პრობლემების შესახებ; გააშუქა ფეოდალური ეპოქაში მწარმოებელი კლასის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული კონკრეტული მოვლენები; დაადგინა ბატონყმობის დამკვიდრების დრო; ახლებურად ახსნა სათავადოების ჩამოყალიბების საკითხი, კერძოდ, დაასაბუთა, რომ სათავადოების წარმოშობა საქართველოს ისტორიის გარკვეულ საფეხურზე შექმნილი "ჩიხის" შედეგი იყო და არა პროგრესისა, როგორც მანამდე ფიქრობდნენ. ახევე ახლებურად გააშუქა რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის, XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის ისტორია და სხვა მრავალი პრობლემის საკვანძო საკითხები. ბერძენიშვილის დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის, როგორც მეცნიერების, შემდგომ განვითარებაში. ბერძენიშვილის კვლევა-ძიებათა მთავარი საგანი იყო ფეოდალური საქართველოს სოციალურ-ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის განვითარების საკითხები.

ბერძენიშვილის შრომებმა - "ფეოდალური ურთიერთობიდან XV საუკუნეში" (1937), "ნარკვევი XIII-XVI საუკუნეები საქართველოს ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ისტორიიდან" (1938, რუსულ ენაზე), "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე" (1944), "XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიიდან" (1944), "კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში" (1955), "საქართველოს ისტორია" (1943-1960, თანაავტორი და რედაქტორი) და სხვა, აგრეთვე ისტორიული დოკუმენტების მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციებმა - განსაზღვრა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის მეცნიერული კვლევის მიმართულება ამ უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ბერძენიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის პირველი თავმჯდომარე თვითონ იყო. 1947 წელს ბერძენიშვილს ი. ჯავახიშვილთან და ს. ჯანაშიასთან ერთად საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნისათვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია. იყო საქართველოს სსრ VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.