Wednesday, November 3, 2010

ივანე ჯავახიშვილი


ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში. მამამისი, თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. 1895 წელს ჯავახიშვილმა დაასრულა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის (რუსეთი) უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილება. 1899—1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901—1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია).


1902—1917 წლებში ჯავახიშვილი იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1907 წელს ნაშრომისათვის „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“ მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. 1907—1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის (პეტროგრადის)უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. 1907 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.
მოღვაწეობა [რედაქტირება]

1918 წელს ჯავახიშვილის თაოსნობით და ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1918—1919 იგი იყო ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, 1919—1926 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი (პირველი რექტორი პროფესორი პეტრე მელიქიშვილი გახლდათ). 1918—1938 წლებში ის თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936—1940 წლებში კი ის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937-დან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. 1939 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).

ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. სამართლიანად ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. ის გახლდათ 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.

ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. არ დარჩენილა ისტორიულ-ფილოლოგიურ მეცნიერების არც ერთი დარგი, რომელშიც მას ფუძემდებლური ნაშრომები არ დაეტოვებია. როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება. ნაშრომისათვის „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898). ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით ჯავახიშვილმა ნ. მართან ერთად იმოგზაურა სინის მთაზე (1902) და არაერთი მაღალი ღირსების ძეგლი გამოავლინა.
სამეცნიერო შრომები [რედაქტირება]

ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის — „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი. ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:

1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.), (გამოსცა 1916, 1921, 1945, 1977);

2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია (1925);

3. ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია (1926, 1949);

4. ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა (1925).

ჯავახიშვილმა შეისწავლა ძველი სომხური საისტორიო მწერლობა (I წიგნი გამოიცა 1935) და სომხურ ისტორიოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.

ჯავახიშვილს ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა. ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის პრობლემების ფართო მასშტაბით კვლევა. ისტორიის გეოგრაფიულ საკითხებს საჭიროებისამებრ იგი სხვადასხვა ნაშრომში ეხება, საგანგებოდ კი ამ პრობლემას უძღვნა მონოგრაფია „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ (1919).

ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში.

ჯავახიშვილმა საგანგაბოდ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია. დღესაც ამ დარგის მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს მისი 2 ტომიანი ფუნდამენტური მონოგრაფია „საქართველოს ეკონომიური ისტორია“.

ჯავახიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული სამართლის ისტორიის შესწავლასაც. შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია“ (I წიგნი გამოქვეყნდა 1919, 1928; II წიგნის I ნაკვეთი — 1928; II წიგნის II ნაკვეთი — 1929, უკანასკნელი გამოცემა „თხზულებანი“, ტ. 6-7, 1982—1984).

ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გამოიკვლია მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში. შექმნა ფუძემდებლური მონოგრაფია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე. 1943 ჯავახიშვილის თანაავტორობით გამოქვეყნდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.

ჰეროდოტე


ჰეროდოტე ჰალიკარნასელი (ბერძნ.: Ἡρόδοτος Ἁλικαρνᾱσσεύς Hēródotos Halikarnāsseús; დ. ~ძვ.წ. 484 - გ. ~ძვ.წ. 425), ძველი ბერძენი ისტორიკოსი, დასავლეთის კულტურაში საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც "ისტორიის მამა". ის იყო პირველი ისტორიკოსი, რომელიც მასალას სისტემატურად აგროვებდა, ამოწმებდა მათ აკურატულობას შეძლების ფარგლებში და ახარისხებდა მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით.

ჰეროდოტე ძირითადად ცნობილია ნაშრომით "ისტორიები" (ბერძნ. ἱστορίαι, ძიებები, სიტყვა, რომელიც ლათინურმა ისესხა და დღევანდელი ისტორიის მნიშვნელობა შეიძინა), რომლებშიც იკვლევს ძვ.წ. 490 და ძვ.წ. 480 წლების საბერძნეთ-სპარსეთის ომების საწყისებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჰეროდოტე მასში იმ პერიოდის ცხოვრების ასპექტებსაც იხილავს დაწვრილებით, რაზეც სხვაგვარად ინფორმაცია ჩვენთვის მწირი იქნებოდა. მასში ის ასევე აღწერს მისი მოგზაურობების პერიოდში ნანახი ადგილებისა და ხალხების შესახებ ხმელთაშუა და შავი ზღვების ირგვლივ მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზოგიერთი ისტორია სინამდვილეს სავარაუდოდ არ შეესაბამება, ის იქვე აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ გადმოსცემს იმას, რაც მას უთხრეს.

ფრანსუა ვოლტერი


ფრანსუა მარი არუე დაიბადა პარიზში, შეძლებული ნოტარიუსის ოჯახში. 1704 წელს შედის იეზუიტთა კოლეჯში. 1711 წელს კი სწავლას განაგრძობს სამართლის სკოლაში. ამავე დროს იგი ხშირი სტუმარია პარიზის სალონების და გამოიჩევა თავისი მახვილგონიერებით. 1717 წელს ლუი XIV -ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო აპატიმრებენ. 1718 წელს კომედი ფრანსეზში წარმატებით იდგმება მისი ტრაგედია ოიდიპოსი. ამ პერიოდს უკავშირდება ფსევდონიმის აღებაც. 1726 წელს შევალიე დე როანთან მომხდარი უსიამოვნების გამო ისევ აპატიმრებენ. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ვოლტერი ინგლისში მიემგზავრება, სადაც იგი გაეცნობა ჯონ ლოკისა და ისააკ ნიუტონის თეორიებს და წერს ინგლისურ წერილებს, რომლებშიც გამოთქვამს თავის აღფრთოვანებას ბრიტანული მონარქიით. 1729 წელს ბრუნდება საფრანგეთში, მაგრამ ინგლისური წერილების გამოქვეყნების გამო იძულებული ხდება თავის მეგობარ, მარკიზა დუ შატელესთან პროვინციაში შეაფაროს თავი. ეს დრო მისი ლიტერატურული მოღვაწეობის ყველაზე უხვი პერიოდია. აქვე იწყება მისი მიმოწერა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან, რომელიც მას ბერლინში მიიპატიჟებს. 1750-1753 წლებში ვოლტერი გერმანიის სამეფო კარზეა, მაგრამ ფრიდრიხ II-სთან უთანხმოების გამო ისევ იძულებულია გაიქცეს. ამჯერად შვეიცარიაში მიემგზავრება. საბოლოოდ, 1759 წელს, ფერნეიში, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ახლოს აშენებს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას და იქვე სახლდება. მალე მას "ფერნეის პატრიარქსაც" შეარქმევენ. მასთან გამუდმებით მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები. თავის სოფელს ვოლტერი პატარა ინდუსტრიული წარმოების მოდელად აქცევს სადაც საგრძნობლად გაუმჯობესებულია გლეხთა პირობები. ამ პეროდისთვის იგი იმდენად პოპულარულია რომ პარიზში ძეგლსაც უდგამენ, რომლის გახსნას თავადვე ესწრება. 1746 წელს მას საფრანგეთის აკადემიის დირექტორად ნიშნავენ. ვოლტერი გარდაიცვლება 1778 წელს, 84 წლის ასაკში. 1791 წელს მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადააქვთ.


ფილოსოფია [რედაქტირება]

ვოლტერმა მრავალი მოაზროვნის გავლენა განიცადა, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მონტენს, ლოკსა და ნიუტონს ჰქონდათ. ინგლისური ემპირიზმისა და ფრანგული სინამდვილის ზეგავლენით იგი დეიზმის პოზიციაზე დგება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ დოგრამტურ რელიგიურ ინსტიტუციას. თუმცა იგი საერთოდ რელიგიის წინააღმდეგი არ ყოფილა. რელიგია მას აუცილებლად მიაჩნია საზოგადოების არსებობსათვის, როგორც მასების მორჩილების საშუალება. ღმერთი რომ არ ყოფილიყო ის უნდა გამოგვეგონაო, ამბობდა ვოლტერი. თავის ფილოსოფიურ ლექსიკონში სტატიაში თეისტი ვოლტერს შემოაქვს ღმერთის, როგორც სამყაროს არა არარიდან შემომქმედის, არამედ მომწესრიგებლისა და პირველი ბიძგის მიმცემის გაგება. ყველას შეუძლია თავისებურად სწამდეს ღმერთი, მაგრამ რაღაცნაირი მაინც უნდა სწამდეს. ცხოვრების სახელმძღვანელო მაქსიმა კი არის - "აკეთე სიკეთე"! ეს მოთხოვნა, მეტაფიზიკური სისტემების უარყოფისა და რეალური შრომის პროცესის აპოლოგიასთან ერთად, ვოლტერის ცხოვრებისა და აზროვნების ძირითად პრინციპს წარმოადგენს.
ფილოსოფიური ზღაპრები [რედაქტირება]

ზღაპრების წერა ვოლტერმა 50 წლის ასაკში დაიწყო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა იეზუიტურმა განათლებამ, საიდანაც აიღო სტილის ელეგანტურობა. ინგლისში ყოფნისას გაიცნო სვიფტის შემოქმედება, რომლისგანაც გადმოიღო ფანტაზიისადმი მიდრეკილება და მოგზაურობის სიყვარული. სიუჟეტებისთვის კი უძველეს აღმოსავლელ ავტორებს მიმართავდა, რის გამოც პლაგიატორობაც კი დასწამეს. ზღაპრებში ვოლტერს გამოყენებული აქვს დამცინავი, სხარტი კილო და იმდენად ჩქარი რიტმი, რომ პერსონაჟის უბედურება მკითხველს მღელვარებასაც კი არ განაცდევინებს. ვოლტერის ზღაპრების გამაერთიანებელი რგოლი მისი ფილოსოფიაა, რომელიც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იცვლებოდა. ზღაპრებში ვოლტერი დასცინის რელიგიებს, ეკლესიის მსახურებს და რელიგიურ ინსტიტუციებს.
ზადიგი ანუ ბედისწერა, 1747
მიკრომეგასი, 1752
კანდიდი ანუ ოპტიმისტი, 1759
მიამიტი, 1767
ბაბილონის პრინცესა, 1768
დრამატურგია [რედაქტირება]

ვოლტერის ბიუსტი, 1778, ჟან ანტუან ჰუდონი

ვოლტერი თავის ლიტერატურულ კარიერას იწყებს 1718 წელს პიესით ოიდიპოსი და ამთავრებს ასევე დრამატული ნაწარმოებით, ირენი, რომლის წარმოდგენაზეც იმყოფებოდა სიკვდილის წინა დღეს. იგი ხშირად თავადვე თამაშობდა თავის პიესებში. ვოლტერი სიცოცხლეში სწორედ დრამატული ნაწარმოებებით გახდა ცნობილი. მასზე დიდი გავლენა მოახდინა შექსპირის თეატრმა, თუმცა ამავდროულად კლასიცისტური ტრადიციის ერთგულიც რჩება. მისი აზრით ინგლისურ თეატრს აკლდა ფრანგული დახვეწილი სტილი, სიწმინდე, რეგულარობა, მაგრამ ამავდროულად ჰქონდა უპირატესობაც - მოქმედება. ამიტომ ვოლტერის ნაწარმოებებში შენარჩუნებულია კლასიცისტური სტილი ,მაგრამ გაძლიერებული, გამრავლებულია მოქმედება, გართულებულია ინტრიგა. იმისათვის, რომ ეფექტი და მაყურებლის თანაგრძნობა გააძლიეროს ვოლტერი ამრავლებს დეკორაციებს, სხვადასხვა ეროვნებების პერსონაჟებს, შემოაქვს ლოკალური ფერი, პათეტიკურობა, და მელოდრამატული ეფექტები და ყოველივე ამით ტრაგედიას აქცევს დრამად. ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია მისმა ტრაგედიამ მაჰმუდი, სადაც ადვილი შესაცნობია ცრუ წინასწარმეტყველი და ამის სასფუძველზე რელიგიის კრიტიკა, იქნება ეს ქრისტიანული თუ მაჰმადიანური. ვოლტერს უსაყვედურებენ ქრისტიანობაზე იერიშის მიტანას. ვოლტერმა შექმნა ასევე ნაციონალური ტრაგედია, ადელაიდა დიუ გეკლენი , რაც მართლაც სიახლე იყო.
ოიდიპოსი, 1718
ბრუტუსი, 1730
ზაირი, 1732
მაჰმუდი, 1742
მეროპე, 1743
სემირამისი, 1748
ჩინელი ობოლი, 1755
ირენი, 1778

Monday, November 1, 2010

შესავალი

ეს არის ჩემი პირველი ბლოგი, შედით და შეაფასეთ ;)